კალენდარი

პარასკევი, 10 მაისი

შაბათი, 11 მაისი

სამშაბათი, 14 მაისი

ოთხშაბათი, 15 მაისი

ახალი ამბები

ლამაზი გოლები... სამგურალმა დინამო თბილისს მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის სამი მატჩი გაიმართა. იმერული და ზღვისპირული დერბები ფრედ დასრულდა. მხოლოდ წყალტუბოს სამგურალმა მოიგო... დინამო თბილისთან. ლამაზი გოლებიც ვნახეთ.

სამტრედია 0:0 ტორპედო

იმერული დერბი უგოლოდ დასრულდა. სამტრედია ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ტორპედო კი მეოთხეზეა.

მომენტები კი საკმაოდ იყო. საწყის წუთებში ტორპედოელებმა ერთ შეტევაში ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ჯერ გიორგი არაბიძემ, დამატებაზე კი რაჰმატ აკბარმა. მეკარეებსაც არაერთხელ მოუწიათ თამაშში ჩართვა: განსაკუთრებით აღვნიშნოთ ბოლოს სამტრედიელთა ფორვარდ დანიელ ოვუსუს პირისპირ გასვლა და ოთო გოშაძის მოგერიება. ავთანდილ ლაბაძემ კი ჟორჟინიოსა და არაბიძეს აუღო რთული ბურთები.

ისე, ტორპედოსთვის ეს ზედიზედ მეორე 0:0-ია. მანამდე კი გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო.

სამგურალი 3:1 დინამო თბ 

წყალტუბოს სამგურალი შინ აგებდა დინამო თბილისთან, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა.

დინამოელები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ ჯადული იობაშვილის თავურით, თუმცა ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა, კერძოდ სამგურალის ნახევარმცველ დემურ ჩიხლაძის ჩაწოდებული ბურთი დინამოელთა მცველ დომენიკ საიმონს საკუთარ კარში აეჭრა.

მეორე ნახევარში კი წყალტუბოელებმა თითქმის ერთი და იგივე მანძილიდან გაიტანეს ორი გოლი: დაახლოებით 20 მეტრიდან... ჯერ ვინისიუსმა ძლიერი დარტყმით, მერე კი ჩიხლაძემ ტექნიკურად - 3:1.

დინამო თბილისს ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და მეხუთე ადგილზე დარჩა, სამგურალმა კი ამ გამარჯვებით მეცხრედან მერვეზე გადაინაცვლა.

კოლხეთი 1913 2:2 დინამო ბთ 

ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.

მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის კოლხეთს, თუმცა საბოლოდ - 2:2.

ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.

ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.